#28482
BLH
Keymaster

რა არის საკუთრების უფლება?

საკუთრების უფლება არის აბსოლუტური ბუნების მქონე უფლება, რომელიც იძლევა საშუალებას ყველაზე უფრო ფართო ძალაუფლებით მოხდეს ქონებაზე ბატონობა.

საკუთრების უფლების აბსოლუტური ხასიათი გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია მისი ქონების მიმართ ზემოქმედება აღკვეთოს ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან, განსხვავებით ფარდობითი უფლებისა, რომელიც ანიჭებს ასეთი უფლების მქონე პირს მხოლოდ შეზღუდული სუბიექტთა წრის მიმართ ზემოქმედებას.

მაგ: მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია არ დაუშვას ნებისმიერი პირის შესვლა მის ნაკვეთზე, ხოლო გამყიდველი მხოლოდ მყიდველისგან არის უფლებამოსილი მოითხოვოს ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა.

საკუთრების ცნებას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:

„მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“

„სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. „

ამდენად, საკუთრების უფლებით ქონებაზე ბატონობა ხასიათდება შემდეგი უფლებამოსილებით:

  1. ქონების ფლობა- სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ფლობა არის ფაქტობრივი მდგომარეობა, ნივთის ფაქტობრივი ქონა, რომლის უკანაც დგას მფლობელობის უფლებამოსილება. ეს უფლებამოსილება ამ შემთხვევაში გამომდინარეობს საკუთრების უფლებიდან.
  1. ქონებით სარგებლობა- ქონებით სარგებლობა მოიცავს ქონებით არ სარგებლობის უფლებამოსილებასაც, ქონების სარგებლობა ნიშნავს ნივთის გამოყენებას ან არ გამოყენებას.
  1. ქონების განკარგვა– ქონების განკარგვის უფლებამოსილება გულისხმობს მის სარგებლობაში ან მფლობელობაში გადაცემას სხვა პირისათვის, მის გასხვისებას, ან თუნდაც მიტოვებას / განადგურებს.