მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
(N- ას-33-406-05) არასწორი მკურნალობით მიყენებული ზიანი
მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატება სამი უშედეგო ოპერაციის ჩატარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებაში, რის გამოც მოითხოვა მატერიალური ზიანის 2700 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
საერთაშორისო კონვენცია „ბიოლოგიაში და მედიცინაში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ“ (1997წ. 4 აპრილის) განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში, სამედიცინო კვლევის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს სათანადო პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-4 მუხლის განმარტებითი მემორანდუმი განმარტავს, რომ ექიმის ძირითადი მოვალეობაა არა მარტო პაციენტის განკურნება, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ტკივილის შემსუბუქება და პაციენტის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. (რატიფიცირებულია 27.05.2000).
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არათუ შესრულდა კონვენციის მოთხოვნა, არამედ მოპასუხის არასწორი მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ხანგრძლივი ფიზიკური და სულიერი ტკივილი. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, საექიმო შეცდომად ითვლება ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.
სკ-ის 1007-ე მუხლისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის“.
დასახელებული ნორმის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ზიანის დადგომაშიბრალი არ მიუძღვის, ეკისრება მოპასუხე მხარეს. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო სამართლებრივი საფუძვლები: ზიანი, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალი და მიზეზობრივი კავშირი პირის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ოთხივე პირობა არსებობს.
მოსარჩელეს მოპასუხის არასწორი მკურნალობის შედეგად სამჯერ უშედეგოდ ჩაუტარდა უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია. იგი გახდა მესამე ჯგუფის ინვალიდი და შეეზღუდა შრომის უნარი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ორივე ოპერაცია შესრულებულია არასწორად, ტექნიკური წუნით.
ამჟამად მოსარჩელეს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა-ენდოპროთეზის დარჩენილი ფეხის კომპონენტის ამოღება და რეენდოპროთეზირება. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მკურნალობის აღიარებული სამედიცინო სტანდარტები, რასაც მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
უზენაესი სასამართლოს განმარტება:
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია არა 1007-ე მუხლი, არამედ სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო (2003 წ. 4 მარტის სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულება) ურთიერთობა.
ვალდებულების დარღვევისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისას დგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოცემული ნორმის საფუძველზე ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოვალე ამ შემთხვევაში სტაციონარია. რადგან სკ-ის 396-ე მუხლით, მოვალემ იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა სათანადო მოპასუხეს წარუდგინა.
რაც შეეხება სარჩელის დასაბუთებულობას, საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა მოთხოვნის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე (ბრალი, მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი). პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის ბრალეულობის, მოქმედების არამართლზომიერებისა და მიზეზობრივ კავშირზე.
პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები ზიანის არსებობის, ბრალის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ.
