მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
რა უფლებამოსილებები გააჩნია აღმასრულებელს?
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმისა.
ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.
აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალეს ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
1. გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
2. მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
3. კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.
აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
