ხელშეკრულებიდან გასვლის ცნება

1241215_832738090093927_897047362_nხელშეკრულებიდან გასვლა

ხელშეკრულებიდან გასვლის ცნება და დახასიათება

ხელშეკრულების დადებისთანავე, მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით- ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

ამავდროულად ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ მათ არ ჰქონდეთ უფლება ცალმხრივად თქვან უარი ხელშეკრულებაზე და მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე.

თუმცა ეს შებოჭვა არ არის აბსოლუტული ძალის და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ასეთი უფლების გამოყენების საფუძველი შეიძლება სხვადასხვა იყოს, როგორც ხელშეკრულების პირობის დარღვევა- ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა, ასევე ისეთი შემთხვევაც, როცა ხელშეკრულება რეალურად არ არის დარღვეული, მაგრამ პატივსადები საფუძვლით ხელშეკრულების მხარე კანონის საფუძველზე აღიჭურვება ხელშეკრულების მოშლის უფლებით (სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლები).

მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით ხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოქმედებს ერთიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში დაიშვება სახელშეკრულებო ბოჭვის პრინციპისადმი გადახვევა და ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა.

ამ სტატიაში განვიხილავთ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ სახეს, რომელსაც ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ცნებას და ამ უფლების წარმოშობის წინაპირობებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.“

ამ ნორმიდან შეგვიძლია გამოვყოთ ხელშეკრულებიდან გასვლის ცნების რამდენიმე ელემენტი:

ა) ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა.

ბ) ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

გ) დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება.

დ)ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. ყველა ამ ელემენტის არსებობა წარმოშობს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს.

სსკ-ს 405-ე მუხლით არსებული პირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილი ხდება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობის განხორციელების შესახებ რეგულაციები მოცემულია სსკ-ს 352-360-ე მუხლებში, ასევე 405-407-ე მუხლებში.

როგორც ავღნიშნე სსკ-ს 405-ე მუხლში არსებული წინაპირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილია გავიდეს ხელშეკრულებიდან, ამისათვის კი მან უნდა განახორციელოს სსკ-ს 355-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედება. „ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“.

ამდენად იმისათვის, რომ კრედიტორი გავიდეს ხელშეკრულებიდან მან უნდა შეატყობინოს კონტრაჰენტს ამის შესახებ. ამ შემთხვევაში სსკ-ს 355-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა მივიჩნიოთ სსკ-ს 50-ე მუხლით განსაზღვრულ ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებებად, რადგან იგი მოიცავს ორ ელემენტს. ა) კრედიტორის ნების გამოვლენას. ბ) სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომელისთვისაც საჭირო არ არის მეორე მხარის ნების გამოვლენა, თუმცა საჭიროა ამ უკანასკნელისათვის კრედიტორის ნების მიწოდება.

ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანია იმ სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე იარსებებდა. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).“

ამ დანაწესიდან ჩანს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენება იწვევს ახალი ვალდებულების წარმოშობას – ორმაგი რესტიტუციის ვალდებულებას, ანუ მხარეებმა მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დაუბრუნონ ერთმანეთეს. ხდება ერთგვარი ვალდებულებითი ურთიერთობის ტრანსფორმაცია, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა სსკ-ს 317-ე მუხლის პირველ ნაწილში ნახსენები „კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი“, კერძოდ კი სსკ-ს 352-ე მუხლი.

როგორც ვხედავთ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა.თუმცა ეს არ გამორიცხავს ხელშეკრულების მხარეების მიერ შეთანხმებას ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით მოთხოვნებზე. მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპი და თვითონაც განსაზღვრონ ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები.

ამასთან დაკავშირებით თვალსაჩინეობისათვის მინდა მოვიყვანო სასამართლო პრაქტიკიდან ასეთი შემთხვევა: უზენაესი სასამართლო (სუსგ N ას-760-1396) განმარტავს, რომ „მხარეებმა გამოიყენეს ხელშეკრულებიდან გასვლის წესის განსაზღვრის უფლება და ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებში შეთანხმდნენ სალიცენზიო შეთანხმების მოშლის ან შეცვლის პირობებზე… მოპასუხეს მიერ გაგზავნილი შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მხარეს მიუვიდა და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს..

შეთანხმება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ არის მხარეთა გარიგება და მასზე ვრცელდება ზოგადად ხელშეკრულების დადების წესები. მოპასუხეს მიერ გაკეთებულ ოფერტზე (ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ) მოპასუხეს დუმილი უნდა ჩაითვალოს აქცეპტად სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის შესაბამისად…

ვინაიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ეცნობა 2000 წლის 7 აგვისტოს, ხელშეკრულება დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 7 სექტემბერს..“

იმის მიუხედავად, რომ მხარეებს როგორც დავინახეთ აქვთ ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებული ზოგიერთი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ შეიძლება გამოირიცხოს თავად მხარეების შეთანხმებით , ანუ მხარეების ხელშეკრულების თავისუფლად განსაზღვრის უფლება შებოჭილია კანონისმიერი იმპერატიული დანაწესებით, რომლებიც გვაქვს 405, 352-360-ე მუხლებში და მხარეები არ არიან უფლებამოსილნი გამორიცხონ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება თავიანთი შეთანხმებით.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისგან განსხვავებით მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. იგი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი და წინაპირობა. თუმცა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და დააწესონ კონკრეტული ვადა, რომლის გამნავლობაშიც ხელშეკრულების გასვლის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი კარგავს ამ უფლებას. ასეთი შეთანხმება არის გამოძახილი მხარეთა ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპიდან, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ს 319-ე მუხლიდან და რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და ასახულია სსკ-ს 356-ე მუხლში. ეს არის ნათელი გამოვლინება იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულების გასვლასთან დაკავშირებულ გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ.

ასე განსაზღვრავს ერთ-ერთ საქმეზე (სუსგ ას-292-573-04) სააპელაციო სასამართლო ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც აღმჭურველი უფლების ცნებას:

„სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. პირველადი მოთხოვნის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია.“

ხელშეკრულებიდან გასვლა არ ათავისუფლებს მხარეებს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესამე პირთა წინაშე ვალდებულებებისაგან, რადგან ამ ვალდებულებებს ცალკე შეთანხმება უდევთ საფუძვლად.

მაგ: გადამზიდს, რომელმაც გადაიტანა ნასყიდობის საგანი უნდა მიეცეს ანაზღაურება, ხელოსანს, რომელმაც დაამონტაჟა ხელშეკრულების საგანი ასევე უნდა მიეცეს ანაზღაურება. მაკლერს, რომელმაც ხელშეკრულების დასადებად იშუამდგომლა უნდა მიეცეს თავისი გასამჯელო და ა.შ. ასეთ ვითარებაში იქიდან გამომდინარე, რომ ვალდებულების დარღვევა არის ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი, ვალდებულების დამრღვევი მხარე არის ასეთ ხარჯებისათვის პასუხისმგებელი, თუმცა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რელატიური ბუნებიდან გამომდინარე, მაგალითად შემთხვევაში, როცა ხელშეკრულებიდან გამსვლელი პირია მესამე პირთა წინაშე ვალდებული, სწორედ მისგან აქვს მოთხოვნის უფლება ამ უკანასკნელს, ხოლო თავის მხრივ ხელშეკრულებიდან გამსვლელი პირი ამ დანახარჯებს მოსთხოვს მოვალეს, რომელსაც ევალება იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იქნებოდა, რომ არ დადებულიყო ეს ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსი არ უშვებს ხელშეკრულებიდან ნაწილობრივად გასვლის შესაძლებლობას, რადგან ასეთის დაშვება იქნებოდა ხელშეკრულების შეცვლის ტოლფასი, აქედან გამომდინარე ხელშეკრულებიდან მხოლოდ მთლიანად გასვლის შესაძლებლობას იცნობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.