კომპანიის ბეჭდის მნიშვნელობა

Close-up Of Business Man Hand Pressing Rubber Stamp On Documentკომპანიის ბეჭდის მნიშვნელობა 

კომპანიები უფლებამოსილნი არიან იქონიონ ბეჭედი, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტზე, კომპანიის ნების გამოვლენის დაფიქსირება.

მაგ: როდესაც კომპანია დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას, კომპანიის სახელით, ხელშეკრულებას ხელს აწერს, როგორც წესი, დირექტორი.. ამავდროულად კომპანიის ბეჭდის არსებობის შემთხვევაში ხელმოწერასთან ერთად მას შეუძლია ბეჭდის დამოწმებით გამოხატოს კომპანიის ნება.

კომპანიის ბეჭდის გამოყენება ხდება ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთერთობის დროს, სხვადასხვა დოკუმენტაციაზე კომპანიის ნების გამოვლენის დაფიქსირებისათვის.

სავალდებულოა თუ არა კომპანიისთვის ბეჭდის ქონა?

აღნიშნულ საკითხის არეგულირებს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც:

„საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.“

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიისთვის ბეჭდის ქონა არ არის სავალდებულო, ამავდროულად კანონი პირდაპირ უკრძალავს სახელმწიფო ორგანოებს დაავალდებულონ კომპანიები იქონიონ ბეჭედი ან დაამოწმონ სხვადასხვა დოკუმენტაცია ბეჭდების მეშვეობით. ასევე დაუშვებელია ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, სადაც მსგავსი სახის ვალდებულება იქნება განსაზღვრული.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თუ კომპანიას აქვს ბეჭედი, მაგრამ არ იყენებს მას ხელშეკრულების დამოწმებისას, მაშინ ასეთი ხელშეკრულება ვერ გახდება სადავო, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გამოყენებული არ იქნა ბეჭედი.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე დირექტორის ხელმოწერა, მაგრამ არ არის ბეჭდით დამოწმებული, მაშინ ასეთი ხელშეკრულება მაინც ნამდვილი იქნება და წარმოშობს სამართლებრივი შედეგს.