კანონით მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა

1958152_1446023532312116_7775303016958660296_nკანონით მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა

გარდაცვილი პირის – მამკვიდრებლის ქონება (მემკვიდრეობა) გადადის სხვა პირებზე – მემკვიდრეებზე. მემკვიდრეობის მემკვიდრეებზე გადასვლის ორი საფუძველი არსებობს: ა) კანონისმიერი საფუძველი. ბ) ანდერძისმიერი საფუძველი. ასევე შესაძლებელია ქონების მემკვიდრეებზე გადასვლა ორივე ამ საფუძვლით. (მაგ: როცა მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილზეა დაწერილი ანდერძი).

კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს:

ა) თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი. ბ) თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს. გ)თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

რა არის კანონით მემკვიდრეთა რიგითობა?

არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე. მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.