იჯარასა და ქირავნობას შორის განსხვავება

rent_1

რა არის იჯარის ხელშეკრულება?

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი განსაზღვრავს იჯარის ხელშეკრულების ცნებას:

„იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.“

იჯარისა და ქირავნობის ელემენტები ერთმანეთს ემთხვევა. ისევე, როგორც ქირავნობა, იჯარა არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსესუალური ხელშეკრულება, იგივე ითქმის იმ სხვა ელემენტებზეც, რომელთა შესახებაც გვქონდა საუბარი ქირავნობის ცნების განსაზღვრის დროს.

ისმის შეკითხვა, თუ რითი განსხვავდება იჯარა, ქირავნობისგან?

ქირავნობის ხელშეკრულების მიზანია მხოლოდ მოხმარება, ნივთით სარგებლობა შემოსავლის მიღების გარეშე. იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მიზანია შემოსავლის (მოგების) მიღება. სწორედ ამ ელემენტით უნდა მოხდეს იჯარისა და ქირავნობის განსხვავება.

მიუხედავად ამისა, იჯარა ქირავნობის სახეობას წარმოადგენს, ორივეგან ხდება ქონების მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა, ორივე ხელშეკრულება სასყიდლიანია და დროებითი. აქედან გამომდინარე საიჯარო ურთიერთობები რეგულირდება ქირავნობის ნორმებით თუ იჯარის სპეციალურ მუხლებში არ არის გათვალისწინებული სპეციალური საიჯარო ურთიერთობა.

ამდენად, იჯარას გააჩნია გარკვეული თავისებურება, რაც განასხვავებს მას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან, კერძოდ მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებით გამოყენება და იჯარის მთელი დროის მანძილზე უზრუნველყოს მისი ასეთ მდგომარეობაში შენახვა,რისთვისაც უნდა შეასრულოს შეთანხმებული მოვალეობები, რათა საიჯარო ქონება ყოველთვის იმყოფებოდეს ვარგის მდგომარეობაში და მოიჯარეს შეეძლოს მისი მიზნობრივად გამოყენება და შემოსავლის მიღება.

მაგ: თუ იჯარით გაიცა ავტომობილი, იმ მიზნით, რომ მოიჯარემ გამოიყენოს იგი, როგორც ტაქსი, მეიჯარე ვალდებული იქნება მანქანა ამყოფოს ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში, რათა მოიჯარემ მოახერხოს მისი მეშვეობით საქმიანობა.

ქირავნობასა და იჯარასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შეგიძლიათ იხილოდ მოცემულ ლინკზე.