ავტომობილის ნასყიდობა

Car driver womanავტომობილის ნასყიდობა

ამ სტატიაში განვიხილავთ ავტომობილის ნასყიდობასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებს, მათ შორის მნიშვნელოვან საკითხს, თუ რა მომენტიდან იძენს მყიდველი საკუთრების უფლებას ავტომობილზე.

ზოგადი წესის თანახმად, თუ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მოძრავი ნივთია, იგი შეიძლება დაიდოს ნებისმიერი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ავტომობილი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, ამავდროულად რაიმე სპეციალური მითითება ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის შესახებ არ არსებობს, ამიტომაც მისი დადება შეიძლება, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ამავდროულად ავტომობილზე საკუთრების უფლების გადასვლისათვის, არ არის საჭირო აღნიშნული ფაქტის რეგისტრაცია.

ამ საკითხთან დაკავშრებით არსებობს მყარი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:  უზენასმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა:

«საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.

რაც შეეხება «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.».“

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი უფლების არსებობა ავტომობილზე და მისი გადაცემა მყიდველისთვის.

ავტომობილის ნასყიდობა მინდობილობის საფუძველზე

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როცა ავტომობილის ნასყიდობა ფორმდება მინდობილობით. ასეთ დროს, როგორც წესი ძველი მესაკუთრე გადასცემს შემძენს ავტომობილს და მასთან დაკავშირებულ საბუთებს, ასევე მის სახელზე აფორმებს მინდობილობას, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია აღნიშნული ავტომობილის განკარგვა.

მსგავს სიტუაციაში, წარმოიშობა შემდეგი სახის სამართლებრივი პრობლემები:

1. მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, შემძენი არ ხდება ავტომანქანის მესაკუთრე, არამედ მას წარმოდგენილი პირის სახელით და მის ხარჯზე, წარმოეშობა გარკვეული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება (ავტომობილის განკარგვის უფლებამოსილება). თუ სასამართლოში ვითარების ობიექტურად შეფასების საშუალება იქნება, საკმარისი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობა ჩაითვლება თვალთმაქცურად, ანუ ისეთ გარიგებად, რომელიც ფარავს სხვა გარიგებას, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მოხდება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, ანუ ავტომობილის ნასყიდობის არსებობის აღიარება მოხდება.

ეს მაშინ მოხდება, როცა გარიგების ორივე მხარე აღიარებს, რომ მათ მართლაც დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომობილზე, ხოლო მინდობილობა დადეს ამ გარიგების დაფარვის მიზნით ან როცა არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია აღნიშნული გარემოების დადასტურებისათვის.

ამდენად ასეთ შემთხვევებში მინდობილობა გაბათილდება და ზეპირად დადებული ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად.

2. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი არ აღიარებს ზემოთ ნახსენებ გარემოებას და არც სხვა მტკიცებულებებით მოხდება ამ გარემოების დადასტურება, მაშინ ავტომობილის ნასყიდობის ფაქტი ვერ დადასტურდება და შესაბამისად შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემები, მათ შორის რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომელმაც გაასხვისა ავტომობილი შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ ავტომობილის ექსპლოატაციას მოყვა რაიმე ქონებრივი ზიანი მესამე პირებისათვის.