მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებას გეგმავს

d709dd6b4279სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების კომეპნსირება

„სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, სავალუტო კრიზისის გამო, ბოლო პერიოდში დაზარალდა ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში (მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით).

მათ შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ ეს კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს, მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს, უპირველეს ყოვლისა, ის ათპროცენტიანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იქმნება უწყებათშორისი ფორმატი ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა იქნება განხილული და კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ამგვარ სამუშაოებს, კომპენსირებული იქნას დევალვაციის ეფექტი. „მინდა ვთქვა, რომ ეს მექანიზმი არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული და აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მხოლოდ ის კომპონენტები, რომლებიც გამოწვეულია დევალვაციით და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული შესყიდვის ნაწილით. ეს არ შეეხება იმ შესყიდვებს, რომლებიც დღემდე განხორციელდა და სადაც სამუშაოები უკვე ჩაბარებულია, ეს ეხება მხოლოდ იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ პერიოდიდან, მომავალში იქნება შესრულებული“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ყველა გარემოება და ყველა კონკრეტული შემთხვევა. კერძოდ, კომპანიას შეძენილი აქვს თუ არა უკვე მარაგები, მომავალში აპირებს თუ არა შეძენას და ა.შ. „სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიებს მიეცეთ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე, არ იქნეს შეფერხებული. მე მინდა მოვუწოდო ყველა კომპანიას, რომელთა სამუშაოების გაგრძელებას ამ მიზეზით ექმნებოდა პრობლემები, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზეც, რომლებიც საერთაშორისო რეგულაციების ქვეშ სრულდება. „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ, საერთაშორისო ტენდერებით შესრულებულ პროექტებში საერთაშორისო რეგულაციებით არის გათვალისწინებული კომპენსირების მექანიზმები. მე მოვუწოდებ ყველა კომპანიას, რომ რეალური სურათიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს, გამოიყენონ ეს საშუალებები და კომპენსირების მექანიზმები გარანტირებული იქნება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მათ დევალვაციამ შეუქმნა პრობლემები“ – აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ დღეს კონკრეტული, ზუსტი თანხის თქმა შეუძლებელია, „წინასწარი შეფასებით, ეს ეფექტი არ უნდა იყოს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტზე მეტი, ვფიქრობთ, იქნება უფრო ნაკლები. თუმცა, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იქნას განხილური ინდივიდუალურად და მხოლოდ და მხოლოდ დევალვაციის ეფექტი უნდა იქნეს კომპენსირებული. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, შემიძლია გითხრათ, რომ გვექნებოდა ძალიან ნეგატიური ეფექტი როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ისე ეკონომიკური ზრდის კუთხით. მთავრობა მზად არის, სხვა მიმართულებებით მოიკლოს ეს ფული და გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ კომპანიები არ გაჩერდნენ და მათი თანამშრომლები არ დარჩნენ უმუშევრები“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომპენსირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებს და მომავალში გამოცხადებულ პროექტებს. „მიმდინარე სამუშაები მაქვს განსაკუთრებით მხედველობაში, რადგან სწორედ იმ კომპანიებს ექმნებათ დღეს პრობლემები, რომლებიც კონკრეტული ფასებით არიან გამარჯვებულნი ტენდერებში და ამ ფასით ვეღარ ახდენენ სამუშაოების დასრულებას დევალვაციის ეფექტიდან გამომდინარე. დავაკონრეტებ, ეს არის სამუშაოები, რომელთა ჩაბარების ანგარიშიც ჯერ არ შემდგარა“ – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

წყარო: ბანკები და ფინანსები