იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება

shutterstock_110515943-300x200ბუნებრივი აირი ძვირდება იურიდიული პირებისთვის

იურიდიული პირებისთვის თბილისში გაზის ტარიფი ძვირდება – 2015 წლის პირველი მარტიდან 1000 კუბური მეტრი გაზი არსებული 750 ლარის ნაცვლად 900 ლარი ეღირება.

აღნიშნული უკვე დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.

„ბუნებრივია, ეს გაძვირება თავიდან ცოტა შეყოვნებული იყო იმიტომ, რომ შიდა რესურსებით რაღაცნაირად მოახერხეს კომპანიებმა და 3–4 თვე გადაიტანეს, მაგრამ უკვე ფინანსურად პრობლემა შეიქმნა და რეალურად ვალების დაგროვების მიზეზით შეიძლება მიწოდების პრობლემა გაჩენილიყო. ეს არის დერეგულირებული სექტორი და შესაბამისად ფასში უნდა აისახოს ყველა მათთან დაკავშირებული ხარჯი.

აქ დგინდება ტარიფი კომერციულ სექტორზე. მოსახლეობას ეს არ ეხება იმიტომ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაგრძელებთ სუბსიდირებას ამ ეფექტის გასანეიტრალებლად“, – განაცხადა ვალიშვილმა.

შეკითხვაზე, ლარის გაუფასურების შემთხვევაში არსებობს თუ არა ტარიფის მოსახლეობისთვის გაძვირების საფრთხეც, ვალიშვილი ამბობს, რომ ფიზიკურ პირებს ბუნებრივი აირის გაძვირება არ ემუქრება.

„მოსახლეობის მოხმარება არის შედარებით ნაკლები, ვიდრე კომერციის და შესაბამისად მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაგრძობთ ამ სეგმენტის სუბსიდირებას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მოსახლეობა დავიცვათ ანალოგიურისგან“ – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

წყარო: კომერსანტი