Google ონლაინ სესხების რეკლამას კრძალავს

shutterstock_192086159Google ონლაინ სესხების რეკლამას კრძალავს

13 ივლისიდან Adwords სარეკლამო ქსელში ონლაინ-სესხების რეკლამირება აიკრძალება.

Google პრეს-რელიზს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ამიერიდან კომპანია კრძალავს საკუთარ Adwords სისტემაში მიკრო სესხების რეკლამების განთავსებას. ახალი წესი ეხება ნებისმიერი ტიპის სესხის რეკლამას, რომლის გადახდის ვადა 60 დღეზე ნაკლებია ან რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ს აღემატება.

ტექნოლოგიური გიგანტი ამ ნაბიჯს მიკრო სესხების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებით ამართლებს. მათი აზრით, მსგავსი ფინანსური სერვისები ბოროტად სარგებლობენ გაჭირვებული ხალხის მდგომარეობით და ფულს არაეთიკური პირობებით სთავაზობენ.

ეს გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა, როცა გუგლი გლობალურად კრძალავს რამე ტიპის ფინანსურ პროდუქტს. აქამდე Adwords-ის სისტემაში მხოლოდ იარაღით, წამლებით ვაჭრობის ან ინტიმური სერვისების რეკლამები იყო აკრძალული. მიკრო სესხების მოწინააღმდეგეებს იმედი აქვთ, რომ გუგლის ნაბიჯს სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც მიბაძავენ, რაც ხელს შეუშლის ფინანსურ კომპანიებს, იპოვონ მომხმარებლები ინტერნეტით.

მიკრო სესხების მოძებნა გუგლის საძიებო სისტემაში ისევ იქნება შესაძლებელი, მაგრამ მსგავსი კომპანიების რეკლამები საძიებო შედეგების გარშემო და გარე საიტებზე განთავსებულ რეკლამებში აიკრძალება.

გუგლის Adwords რეკლამის სისტემა ინტერნეტის დე-ფაქტო სტანდარტია. ამ სერვისის საშუალებით, კომპანიები ათავსებენ რეკლამას როგორც თავად გუგლის სერვისებში (ძებნა, Gmail, Youtube), ასევე მილიონობით გარე ვებსაიტზე, რომლებიც Adsense სისტემაში არიან ჩართულები. ასეთი საიტები კი უამრავია — კომერციული ვებსაიტების უმეტესობა, საკუთარი სარეკლამო ტრაფიკის მცირე ნაწილს მაინც, Adsense-ზე ხარჯავს.

მიკრო-სესხების ქართული ორგანიზაციები გუგლის საკუთარ და, ზოგადად, ინტერნეტ-სარეკლამო სერვისებს აქტიურად იყენებენ. სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემის მიხედვით, ამ ორგანიზაციების დახარჯული ბიუჯეტი ქართული ინტერნეტ-რეკლამის ბაზრის მოზრდილ წილს შეადგენს. ის თანხები კი, რომელიც ამ დრომდე Adsense-ის სისტემაში იხარჯებოდა, სავარაუდოდ, ქართულ საიტებზე ან/და სხვა სარეკლამო ქსელებში გადანაწილდება.