მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები
შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები
საქმე #ას-664-635-2016 (დიდი პალატის გადაწყვეტილება)
პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან.
აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
(სუსგ. N-ას-1453-1371-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 2321-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სავალდებულოა სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესის განუხრელი დაცვა და იმის უტყუარად დადგენა, მხარე იყო თუ არა სათანადოდ ინფორმირებული საპროცესო მოქმედების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირველი წინაპირობა მხარეს დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის გარემოებები და ის სათანადოდ არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც საკმარისია ამ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
(სუსგ. N-ას-1532-1435-2012)
სააპელაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეტანა მხარის დისპოზიციურ უფლებათაგან ერთ-ერთია, მაგრამ მისი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუტანლობა საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შეეფასებინა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა თუ არა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
