#29651
BLH
Keymaster

ვალის არსებობის აღიარება

 

(სუს. განჩინება N-ას-413-391-2012)

 

სააპელაცო სასამართლომ მხარეთა მიერ შედგენილი ხელწერილი სკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არასწორად შეაფასა. როგორც თვით მოსარჩელე მხარის განმარტებით დასტურდება, ხელწერილით განისაზღვრა მხარეთა შორის უკვე არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და სამომავლოდ შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და ამ გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება წინა ვალდებულების შინაარსის გათვალისწინებით, ასეთი აღიარება კაუზალურ აღიარებას წარმოადგენს და იგი თვისობრივად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აბსტრაქტული აღიარებისაგან. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.