#29649
Crassus
Participant

ფულადი ვალდებულების შესრულება

 

(სუსგ. N-ას-1541-1547-2011)

 

სააპელაციო სასამართლომ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოწმის ჩვენება.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.