#29513
BLH
Keymaster

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

 

(სუსგ. N- ას-921-960-2011)

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. 

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს რაოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შეამცირეს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, თუმცა მოცემული ტიპის სასესხო ვალდებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო მაინც შეუსაბამოდ მაღალი გამოდგა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.