#29483
BLH
Keymaster

სხვა შესრულების მიღება (სკ-ის 379-ე მუხლი)

 

(სუსგ. N- ას-788-842-2011 03.11.11)

 

მოცემულ საქმეში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული თანხა მოხმარდა მამკვიდრებლის მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელებით გადაიხადა ნასყიდობის საფასური.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უკავშირდება ქონების გადაცემას და არა მომსახურეობის გაწევას. სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოქმედებები (მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯების გაწევა) არ შეიძლება, მიუთითებდეს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვალდებულების შესრულებაზე.

 

სკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა. განსახილველი ნორმა იმპერატიულ ხასიათს ატარებს მოვალესათვის, ხოლო კრედიტორისათვის _ დისპოზიციურს. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მხარეებს შორის შეთანხმება სხვა შესრულების მიღებაზე. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა გასახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.