#3381

2. როგორია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფო მოხელის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში? 

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

ანუ ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 208-ე მუხლი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის ანალოგს, მათ შორის განსხვავება ის არის, რომ 997-ე მუხლი ვრცელდება კერძო პირებზე, ხოლო 208-ე მუხლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, დაქირავებული მუშა-ხელის ქმედებებისთვის.

 

ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, 464-ე მუხლთან ერთად აფუძნებს დამატებით რეგულაციას, რომელიც აღჭურავს სახელმწიფო მოხელის ქმედებებისგან დაზარალებულ პირს უფლებას მოითხოვოს ანაზღაურება სახელმწიფოსთან ერთად ამავდროულად თვითონ მოხელესაგან სოლიდარულად.

 

ამავდროულად არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მოხელისგანაც. (სუსგ.ბს-233-224(გ-10) ას-352-335-2011) მაგ: როცა სახელმწიფო მოხელე ზიანს აყენებს სხვა პირს სკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე.

 

ამდენად დაზარლებულს აქვს სამი ალტერნატივა:

 

1. 208-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს მხოლოდ სახელმწიფოს.

 

2. 1005-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს, როგორც სახელმწიფოს, ისე ზიანის მიმყენებელ მოხელეს (ამ შემთხვევაში აუცილებელია ზიანის მიყენებისას არსებობდეს მოხელის უხეში გაუფთხილებლობა ან გაზრახვა).

 

3. დელიქტური ნორმების საფუძველზე (მაგ:, 992, 993 და ა.შ.) ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს მხოლოდ კერძო პირს (ზიანის მიმყენებელ მოხელეს).

 

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლს:  

 

„თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.“

 

ამ ნორმას გააჩნია  ხარვეზი- “უხეში გაუფთხილებლობის” მაგივრად პირველ წინადადებაში უნდა ეწეროს  “გაუფთხილებლობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები არ არიან პასუხისგებელნი გაუფთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის, თუ ის უხეში არ არის, რაც არ შეესაბამება ზოგად სამართლებრივ პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციას. ამავდროულად ამ ნორმის კონსტუქციიდან გამომდინარეც არალოგიკურია, კერძოდ ბოლო წინადადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ნორმის რეალურ შინაარსს და ისეთ შთაბეჭდილებას იძლევა, რომ კანონმდებელს გაეპარა შეცდომა.