#3293
BLH
Keymaster

სახელმწიფო მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა

DCFR-ის რეგულაცია, რომელიც N-3248 პოსტში დავწერე ვრცელდება ყველა დასაქმებულზე და იურიდიულ პირზე, მათ შორის სახელმწიფო და საჯარო სუბიექტებზე. თუმცა აქვე არსებობს  დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ სუბიექტი ახორციელებს საჯარო მმართველობით ფუნქციებს და სწორედ საჯარო მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისას ადგება მესამე პირს ზიანი, მაშინ არ გამოიყენება აღნიშნული რეგულაციები. (VI.–7:103DCFR)

ანუ DCFR-ის მიხედვით, როცა საჯარო სამართლის სუბიექტი ახორციელებს საჯარო სამმართლებრივ ფუნქციებს და მის ფარგლებში ხდება ზიანის მიყენება, დგება ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა კერძო-სამართლებრივი. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა იგი არ ახორციელებს საჯარო ფუნქციებს.

ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საკითხი არ წესრიგდება საჯარო სამართლით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როცა საჯარო მოხელეს ქმედების შედეგად დადგება ზიანი, DCFR-ის მიხედვით განსჯადობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, ქმედება წარმოადგენდა თუ არა საჯარო მმართველობის განხორციელებას.

მაგ: როცა შსს-ს მინისტრის მძღოლი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ბრალეულად დაეჯახება “ჭ”-ის და მიაყენებს ზიანს, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება სამოქალაქო წესით, ხოლო როცა ადმ. ორგანო თავისი ბათილი აქტით მიაყენებს “ჭ”-ის ზიანს,ამ შემთხვევაში  ადმინისტრაციული სამართლით მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა.

შემდეგი პოსტებში განვიხილავთ უკვე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნულ საკითხზე არსებულ რეგულაციებს.