მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა
აღიარება, როგორც ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი
(სუსგ. N-ას-266-254-2013)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას მოპასუხის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტება არსწორად შეაფასა სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად. აღნიშნული აღიარება კი, მიიჩნია სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე, მხარე შეიძლება ადასტურებდეს რაიმე კონკრეტულ ფაქტს, მაგრამ ამ შემთხვევაში აღიარება რომ არსებობდეს, უნდა მოხდეს ზუსტად იმ ფაქტის დადასტურება, რომელზედაც მოწინააღმდეგე მხარე აფუძნებს თავის მოთხოვნას. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი გარემოების დადასტურებას კანონმდებლობა არ მიიჩნევს აღიარებად. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას აღიარების საფუძვლით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის მდგომარეობით არც ერთი მოსარჩელე აღარ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაზე დასრულებული იყო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა, კერძოდ, მოპასუხის მიერ განმარტების გაკეთების დროს სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო, რაც ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება, შეწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დასრულების შემდეგ მისი შეწყვეტა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის საფუძვლით.