#27842
BLH
Keymaster

ვალდებულებითი ურთიერთობის ცნება

“ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.” (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე.

მაგ: სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გააჩნია ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება – მოითხოვოს სესხის დაბრუნება.

ამდენად, ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება.

კრედიტორის მოთხოვნის უფლება გულისხმობს მის უფლებამოსილებას, სასამართლოს მეშვეობით, იძულებითი ღონისძიებების გატარებით, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

მაგ: თუ მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იძულებითი წესით.

ვალდებულებითი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალისგან, იგი ვერ მოითხოვს ვალდებულების შესრულებას სხვა პირისაგან.

მაგ: გამსესხებელი უფლებამოსილია მხოლოდ მსესხებლისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

მაგ: გამყიდველი უფლებამოსილია მხოლოდ მყიდველისაგან მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა.

ვალდებულებით ურთიერთობაში მონაწილეობენ მხოლოდ კრედიტორი და მოვალე, ეს არ გამოირცხავს, რომ ან ერთ, ან მეორე მხარეს რამდენიმე პირი იყოს. მაგ: სოლიდარული მოვალეები, სოლიდარული კრედიტორები.

კრედიტორი ან მოვალე შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე პირთა გაერთიანებები, რომლებიც  არ წარმოადგენენ იურიდულ პირს (ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი).

ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც აქტიური მოქმედებით („მოქმედების შესრულებით“), ისე უმოქმედობითაც („მოქმედებისგან თავის შეკავება“) მაგ: ქირავნობის საგნის უდიერათ მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნა.

შესრულებაში გარკვეული  შედეგი იგულისხმება. მაგ: ნივთის გადაცემა, ფულის გახადა, ქონებისთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და ა.შ.

შესრულებას კრედიტორისთვის ყოველთვის უნდა მოჰქონდეს გარკვეული სარგებელი, კანონი არ ამბობს, რომ ეს სარგებელი მაინდამაინც ქონებრივი, მატერიალური ხასიათის უნდა იყოს. თუმცა აუცილებელია, შესრულება განსაზღვრული ან განსაზღვრებადი იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს მისი აღიარება ვალდებულებით ურთიერთობის საგნად. (შესრულება ყოველთვის კონკრეტული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს) ეს იმიტომაცაა აუცილებელი, რომ კრედიტორს შეეძლოს სარჩელში კონკრეტული მოთხოვნის სახით ასახოს შესრულება.