#4387
Crassus
Participant

№ას-1158-1104-2013 ბევრი საკითხია განხილული ამ საქმეში სააპელაციოს სასამართლოს მიერ, მათ შორის გამოყენებულია 387-ე მუხლი, საუბარია სესხის ხანდაზმულობის შეწყვეტაზე და ა.შ.

 

 

სააპელაციო სასამართლომ არასწორედ გამოიყენა 387-ე მუხლი, რადგან როგორც ამ თემაში უკვე აღინიშნა 387-ე მუხლი გამოიყენება, როცა სახეზეა სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე შესრულების რიგითობა. მაგ: სესხის ხელშეკრულებიდან და ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი შესრულების რიგითობა.

 

მოცემულ შემთხვევაში კი ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პერიოდიულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის იქნა გამოყენებული 387-ე მუხლი, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება, 387-ე მუხლის არსს და არსებულ სასამართლო პრაქტიკას.

 

ზუსტად ამავე საკითხზე საუბრობს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში ¹ 3კ/321-02

 

“387-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავს რამდენიმე შესრულების თანმიმდევრობას. 387-ე მუხლი არ ადგენს ერთი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების გაანგარიშების და დადგენის პრინციპს. თუ მოვალეს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთის მსგავსი შესრულებაა და 387-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა. სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ამ მუხლის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დაფარვა, თუ ძირითადი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს პირველ რიგში.”