მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › უსაფუძვლო გამდიდრება › Reply To: უსაფუძვლო გამდიდრება
ძალიან კარგი გადაწყვეტილება, იმას ადასტურებს რაც წინა პოსტებში ვწერეთ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება დასკვნების გაკეთება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: “A”-მ დაუკითხავათ გაასხვისა თავისი თანასოფლელი “B”-ს კუთვნილი 1000 ტონა კარტოფილი. ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ კარტოფილი არის გვაროვნული ნივთი და მისი დაბრუნება შესაძლებელია ნატურით.. “B”-ს შეუძლია მოითხოვოს “A”-სგან 1000 ტონა კარტოფილის დაბრუნება 982-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რადგან “A” გამდიდრდა 1000 ტონა კარტოფილით და ახლა მან უნდა დააბრუნოს იმავე ოდენობის და იმავე ხარისხის კარტოფილი (ანუ უნდა დააბრუნოს იმდენი, რამდენითაც გამდიდრდა).
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ “A”-მ ითხოვა და გაასხვისა არა კარტოფილი, არამედ “B”-ს კუთვნილი ოქროს საათი 400 დოლარად, რომელიც ღირდა 1000 დოლარი. ოქროს საათი წარმოადგენს ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და იქიდან გამომდინარე, რომ იგი გასხვისებულია და ახალი მესაკუთრე კეთილსინდისიერია, სამართლებრივად შეუძლებელია საათის დაბრუნება “B”-სთვის და დგება საკითხი, თუ რისი მოთხოვნის უფლება აქვს “B”-ს და ვისგან?
ასეთ შემთხვევაში მას ექნება “A”-სგან საათის ღირებულების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით… ანუ იგულისხმება, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ “A” -მ 400 დოლარად გაყიდა საათი და ფაქტობრივად 400 დოლარით გამდიდრდა, ჩაითვლება, რომ იგი რეალურად გამდიდრდა ამ საათის ღირებულების შესაბამისად – 1000 დოლარით და შესაბამისად მან სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადოს “B”-ს.
