მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
მორალური ზიანის ფუნქციები და პოლიტიკოსის დასაშვები კრიტიკა
(სუსგ. N- 3კ/423-03)
საერთოდ რაიმე ცნობის გავრცელება მიზნად არ უნდა ისახავდეს პირის ღირსების დისკკრედიტაციას საზოგადოების თვალში.
პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. მე-18 მუხლის თანახმად, ამგვარი ცნობების გავრცელება წარმოადგენს პირის მიერ სასამართლოს მეშვეობით ცნობების უარყოფის მოთხოვნის საფუძველს.
პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების გულს. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. შესაბამისად, პოლიტიკოსმა უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა,პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში, დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ.
ამასთან, კრიტიკა უნდა იყოს საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს კრიტიკაში,რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.
პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათა მკვეთრი შეფასებები უნდა წარმოადგენდეს განცხადების ავტორის ხელთ არსებული ფაქტების ადეკვატურს.
საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, რომ პირის მიერ დარღვეულია კანონი, სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და იგი იწვევს ადრესატის პატივის ანუ საზოგადოებრივი რეპუტაციის დისკრედიტაციას. ასეთ შემთხვევაში, დაირღვა რა კრიტიკის დასაშვები ფარგლები,შესაბამისად, კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაც შეწყდა.
მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია დაშეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია.
ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრისდროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, მოსარჩელის პიროვნული უფლებების ხელყოფა სერიოზულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილია და არ შეესაბამება რეალობას.
