მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › საგადასახადო სამართალდარღვევები › Reply To: საგადასახადო სამართალდარღვევები
გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი შეცდომის (არცოდნის) ფარგლები და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განმარტება საქმეზე #ბს-222-219(კ14):
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება პირი, თუ ის გაუფრთხილებლად მოქმედებდა, რაც ბრალის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
გამოყენებული მუხლები:
საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლი:
საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეცდომა: ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/064-13) არ დააკმაყოფილა სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ (#3ბ/1544-13, 12.03.14) უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ისე, რომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივზე საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, ისე მიიჩნია მოსარჩელე კეთილსინდისიერ გადამხდელად, რომ არ გამოარკვია, მოქმედებდა თუ არა იგი საპატიებელი შეცდომის პირობებში. ამასთანავე არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელე არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში, მისი ქმედება, რომელიც ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დააკვალიფიცირეს შეცდომად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე რეალურად არ გამორიცხავდა მის ბრალეულობას, რამდენადაც იგი მოქმედებდა გაუფრთხილებლად, რაც ბრალის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, შესაბამისად, არ არსებობდა მისი კეთილსინდისიერ პირად მიჩნევის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ამ ნორმითვე განსაზღვრული პირობებით საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი შემადგენლობის არარსებობის გამო გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
შენიშვნა: ანალოგიურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-327-323(კ-14), 02.12.14) განჩინება