#38052
BLH
Keymaster

პარტნიორთა კრებისა და დირექტორს შორის ურთიერთობა

(სუსგ.№ას-240-228-2016 )

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიულ კვალიფიკაციაზე და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ „საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებითან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709 და 710-ე მუხლები)“ -იხ. სუსგ # ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.;

career-public-service-lawმეწარმეთა კანონის 47- მუხლის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს კაპიტალური საზოგადოების საქმიანობის ძირითადად მიმართულებებსა და მიზნებს, ხოლო დირექტორი კი ახორციელებს მათ, კანონისა და საერთო კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

თავის მხრივ, დირექტორის კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლი. ერთ ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა:

„დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და,  ბუნებრივია,  პარტნიორებთან  შეუსაბამოდ მიიჩნევა.

სწორედ დირექტორის   უნარ-ჩვევებსა  და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს.

შრომის კოდექსით მოწესრიგებულია ურთიერთობა საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის, რომელიც ჩვეულებრივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით.

შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის ფუნქციათა თავისებურებებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საქართელოს შრომის კოდექსით ხელმძღვანელობა კანონმდებლობით ნაკარნახევი არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა,ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდესმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით (სუსგ 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3/259-01, სუსგ 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზეას-68-767-03;)“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, საწარმოს დირექტორთან ფორმდება სასამსახურო ხელშეკრულება, სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლების საფუძველზე- იხ. სუსგ # ას-23-23-2016, 09.03.2016წ.; ამავე განჩინებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან  გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი – სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი.

შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება),  თავისი არსით, განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, სახეზეა კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (სუსგ # ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).