მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › სასესხო მოთხოვნის დათმობა
სასესხო მოთხოვნის დათმობა
გამსესხებელი უფლებამოსილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმოს სხვა ნებისმიერ პირს. (უფლებამონაცვლეობა) ასეთ შემთხვევაში მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
მაგ: მარიამმა ასესხა 10.000 ლარი ნინოს, მას წარმოეშვა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, რომელიც გადასცა ნიკას. ამ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს მარიამის პოზიციას და მას ისეთივე უფლებები ექნება ნინოსთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც ჰქონდა მარიამს.
გამსესხებელს შეუძლია მსესხებლის თანხმობის გარეშე, გადასცეს თავისი მოთხოვნა სხვა პირს, თუ კი ეს არ ეწინააღმდეგება: მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს.
მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
გამსესხებელი ვალდებულია უფლებამონაცვლეს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.
მოთხოვნის საფუძველზე ასევე ვალდებულია გადასცეს უფლებამონაცვლეს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ.
ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.
მაგ: ნინო უფლებამოსილია სესხი დაუბრუნოს მარიამს, იმის მიუხედავად, რომ მარიამმა მოთხოვნა დაუთმო ნიკას, სანამ მას არ ეცნობება ამის შესახებ.
მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.
მაგ: თუ მარიამის მოთხოვნა უზრუნვლეყოფილი იყო „ა“-ს თავდებობით, მაშინ მოთხოვნის ნიკასთვის გადაცემის შემდგომ, „ა“-ს თავდებობა არ შეწყდება და ნიკას მოთხოვნის საუზრუნველსაყოფოდ დარჩება ძალაში.
თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.
მაგ: მარიამმა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო, როგორც ნიკას, ისე პეტრეს. ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომელსაც პირველად დაუთმო მოთხოვნა მარიამმა, (პირველად დადო ხელშეკრულება) ხოლო თუ შეუძლებელია ამის დადგება, მაშინ უფლებამონაცვლე იქნება ის პირი, რომლის შესახებაც პირველად ეცნობება მოვალეს.