მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები
სოლიდარული პასუხისმგებლობა
№ას-1158-1104-2014
ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე.
როგორც 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის.
დღევანდელ ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს.
სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით – სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა. სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.
სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.
ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლებამოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ – „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად.
„გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.
როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში.
განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური.
სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა.
სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული. ამით განსხვავდება სოლიდარული ვალდებულება წილობრივი ვალდებულებისგან. წილობრივი ვალდებულების დროს წილობრივი მოვალე მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში არის პასუხისმგებელი. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა.
მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს. განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს.
სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება დანარჩენ მოვალეებსაც ათავისუფლებს კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულებისაგან.