#35047
BLH
Keymaster

ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა

ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.

ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო

თუ კანონმდებლობით, სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.