მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება › გასაჩივრების უფლებამოსილება
ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებამოსილება
დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რეალაქტი.
ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ადმინისტრაციული საჩივარი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირმა დაიცვას საკუთხარი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ იგი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს.
ამავდროულად ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილებას. სასამართლო არ მიიღებს ადმინისტრაციულ სარჩელს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გამოიყენა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ აძლევს უფლებას დაინტერესებულ პირს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე.
ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ზაკ-ის მე-13 თავში განსაზღვრული რეგულაციები ვრცელდება ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროზე, მაგ: იგი გამოიყენება სამშენებლო ნებართვების გაცემის, საგადასახადო ურთიერთობების, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში, თუ უფრო სპეციალური რეგულაციებით სხვა რამე არ არის დადგენილი.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას, არამედ მის მიზანშეწონილობასაც.