#22595
Crassus
Participant

სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის ღონისძიებები

 

 

გამსესხების მოთხოვნის და სიმშვიდის უფრო მყარად დასაცავად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს არაერთ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლებსაც სათითაოდ განვიხილავთ:

 

 

1. პირგასამტეხლო და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი

 

 

პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, სესხის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით, იგივეა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ფულადი ვალდებულებების დროს გამოიყენება, ხოლო პირგასამტეხლო შეიძლება გამოვიყენოთ არაფულადი ვალდებულებების დროსაც.

 

 

აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შეიძლება, როგორც სესხის საგანთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევისათვის, ისე სესხის პროცენტის გადაუხდელობისათვის.

 

 

მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 0.4 %-ის ოდენობით.

 

 

მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. ამავდროულად მას უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 200 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 10 რიცხვში. ამ ვალდებულების დარღვევისათვის კი განისაზღვრა პროცენტი მთლიანი თანხის 0.8 %-ის ოდენობით.

 

 

მიმართება ზიანის ანაზღაურებასთან

 
პირგასამტეხლო (ასევე 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი) წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ხოლო თუ დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობითაა, მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო + ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით რამდენითაც აღემატება პირგასამტეხლოს.

 

 

მაგ: სესხის დაუბრუნებლობამ გამოიწვია ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ამავდროულად 300 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს 1000 ლარის ანაზღაურება, იგი ვერ მოითხოვს 1300 ლარის ანაზღაურებას.

 

 

პირგასამტეხლოს გამოყენების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პირგასამტეხლოს არსებობა გულისხმობს უპირობოდ მის გადახდას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და გამსესხებელი აღარ იქნება ვალდებული ამტკიცოს ზიანის არსებობა.