მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სტანდარტული ხელშეკრულების პირობები › უჩვეულო დებულება
სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი
სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის მიხედვით, „ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.“
კანონმდებელი არ განმარტავს უჩვეულო პირობის ცნებას, ამდენად სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განმარტოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული სტანდარტული პირობა უჩვეულოს.
ამ ნორმის მიზანია, მომხმარებელი დაიცვას ისეთი პირობების თავზე მოხვევისგან, რომლებსაც მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, არ განსაზღვრავდნენ ხელშეკრულებაში, რადგან არ არსებობს ასეთი პირობის განსაზღვრის არანაირი საჭიროება, ასეთი პირობა ემსახურება, მხოლოდ პირობების შემთავაზებელი სუბიექტის ინტერესებს, მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ.
უჩვეულო სტანდარტულ პირობად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი პირობა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, მოულოდნელია და საშუალო დონის მომხმარებელი ვერ წარმოიდგენდა და უჩვეულოდ მიიჩნევდა ასეთი პირობის განსაზღვრას, ამ ურთიერთობის მოსაწერსიგებლად. ასეთი პირობა მეორე მხარეს აკისრებს დამატებით ვალდებულებას, ზღუდავს მის უფლებებს და სხვაგვარად აზიანებს მის ინტერესებს.
მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ავტოსალონში ნაყიდი ავტომობილის გარანტია მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ მყიდველი ყოველთვიურად ისარგებლებს ავტოსალონის ტექნიკური დახმარებით და იყიდის ყველა საჭირო ნაწილს მხოლოდ მათგან.
მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ისარგებლოს ბინის დალაგების ყოველწლიური მომსახურებით, კომპანია „A”-სგან, რომლის მომსახურებაც საბაზრო ღირებულებაზე 10-ჯერ მეტია.
სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო დებულებები ბათილია, ხელშეკრულების დადებიდანვე, შესაბამისად ისინი არ წარმოშობენ სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ასეთი პირობის ბათილობამ, შესაძლოა არ გამოიწვიოს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობა, თუ აღნიშნული პირობა არსებით გავლენას არ ახდენს მთლიანი ხელშეკრულების არსზე.