#32161
BLH
Keymaster

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის მემკვიდრეობით

(საქმე № 3კ-532)

პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ მემკვიდრეზე წილის გადასვლის საკითხს არეგულირებს მემკვიდრეობითი სამართალი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი გადადის მემკვიდრეზე. მემკვიდრე სკ-ს 1310-ე მუხლის საფუძველზე ვერც კანონით და ვერც ანდერძით სამკვიდროს ვერ მიიღებს, თუ იგი უღირსი მემკვიდრეა, მაგრამ გარემოებები, რომლებიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით,რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგს იწვევს (სკ-ს 1312-ე მუხლი).

სხვა შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრე ყოველთვის მიიღებს სამკვიდროს, თუნდაც მამკვიდრებელმა სამკვიდრო ანდერძით სხვა პირს დაუტოვოს. სკ-ს 1371-ე მუხლის შესაბამისად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

აქედან გამომდინარე შპს „ც-ას“ პარტნიორ ჯ. ბ-ს თავისი წილი ანდერძით სხვა პირისათვისაც რომ გადაეცა, მისი მეუღლე — მოსარჩელე, სავალდებულო წილს მაინც მიიღებდა სამკვიდროდან.

პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი საზოგადოებაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მისი სრული უფლებებითა და მოვალეობებით, მათ შორის გაჭიანურებული შესატანის შეტანის ვალდებულება, გადადის მემკვიდრეზე ან მათი სიმრავლისას — მემკვიდრეებზე, იქნებიან ისინი კანონისმიერი თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეები.

წილის მემკვიდრეობა არ შეიძლება გამოირიცხოს საზოგადოების წესდებით და არც შეიცვალოს, როგორც ე.წ. „მემკვიდრეობის განსაკუთრებული რიგითობით“ სამკვიდროს გვერდის ავლის, ისე პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში საზოგადოების მიერ მისი წილის ავტომატური ამოღების გზით.

მემკვიდრე ან მემკვიდრეთა ჯგუფი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას უშუალოდ ხდება პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლისას მოქმედებს უფლებათა ერთობლივი განხორციელების პრინციპი, თუ საზოგადოების წესდებაში ამის თაობაზე არაფერია მითითებული.

მემკვიდრეთა სიმრავლისას გახდება თუ არა ყველა მემკვიდრე საზოგადოების პარტნიორი, შეიძლება განისაზღვროს წესდებით. წესდებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეების პარტნიორად მიღების პირობები. წინასწარვე ნათლად და ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარდაცვლილი პარტნიორის ნება მისი მემკვიდრეების პარტნიორად მიღების თაობაზე.წესდება მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს სამკვიდროს გახსნის შემდეგ მამკვიდრებლის ნებას მემკვიდრეების პარტნიორობის თაობაზე.

წესდებაში შეიძლება იყოს ისეთი განსაზღვრებები, რომ მხოლოდ გარკვეული მემკვიდრეები (განსაკუთრებული კვალიფიკაციის), ან მხოლოდ ერთი მემკვიდრე შეიძლება გახდეს პარტნიორი. მემკვიდრეთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელია წესდებამ დააწესოს ისიც, რომ მემკვიდრეებმა ერთ-ერთ მემკვიდრეს გადასცენ მინდობილობა, რათა მან აღასრულოს პარტნიორის უფლებები (ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი მემკვიდრე წილზე შეიძენს ვალდებულებით სამართლებრივ უფლებას, ანუ წილისაგან მიიღებს მხოლოდ სარგებელს, ზოგი კი — სანივთო სამართლებრივს, გახდება მისი მესაკუთრე, ექნება მისი მართვის და განკარგვის უფლება).

დაუშვებელია წესდებაში წილის და პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით ისეთი განსაზღვრებების არსებობა, რომელიც არ გამომდინარეობს მამკვიდრებლის ნებიდან ან ეწინააღმდეგება კანონს.

მაგალითად, დაუშვებელია, წესდებაში მიეთითოს, რომ პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში მისი დანაშთი წილის და მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყდეს დანარჩენი პარტნიორების შეხედულებისამებრ, საზოგადოებაში წილის და პარტნიორობის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი პარტნიორს თავის სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და ეს საკითხი არ უნდა იყოს სხვა პირთა, თუნდაც დანარჩენ პარტნიორთა გადასაწყვეტი, მხედველობაშია ის გარემოება, როცა საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილის და საზოგადოების წევრობის თაობაზე დათქმას შეიცავს).

საზოგადოების წესდება პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში წილის და პარტნიორად მიღების საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსაზღვრულ პირობებს აყალიბებდეს ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც. შეიძლება ზღუდავდეს მისთვის წილის, თუ საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხს, მაგრამ ეს შეზღუდვა როგორც ზემოთ აღინიშნა უნდა გამომდინარეობდეს მამკვიდრებლის ნებიდან. არ უნდა წყდებოდეს მისი ნების გარეშე და უნდა შეესაბამებოდეს კანონს. მაგალითად წესდებაში დაუშვებელია მითითება, რომ გარდაცვლილი პარტნიორის წილი მიიღოს მხოლოდ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ და მხოლოდ იგი გახდეს საზოგადოების წევრი, ვინაიდან კანონის შესაბამისად ანდერძისმიერი მემკვიდრეობის არსებობის შემთხვევაში სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება გააჩნიათ კანონისმიერ მემკვიდრეებსაც (თუ იგი სათანადოდ დადგენილი წესით უღირს მემკვიდრედ არ არის ცნობილი) და მათაც გააჩნიათ პრეტენზია საზოგადოებაში პარტნიორობის თაობაზე.

ასევე დაუშვებელია იმის მითითებაც, რომ ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც კი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას მასზე წილის მემკვიდრეობით გადაცემის და საზოგადოებაში პარტნიორად მიღების საკითხი გადაწყვიტოს საამისოდ არაუფლებამოსილმა პირებმა, სხვა მესამე პირებმა ან საზოგადოების დანარჩენმა პარტნიორებმა.

ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად თუ ეს მემკვიდრე მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანია, ანდა ალკოჰოლიკი ან არ არის ჯანმრთელი (ქმედუუნარობა და შეზღუდული ქმედუნარიანობა) საზოგადოების წესდება ასეთი მემკვიდრის მიმართ შეიძლება ითვალისწინებდეს წილთან დაკავშირებით ვალდებულებით სამართლებრივი უფლების და არა სანივთო სამართლებრივი უფლების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში წესდებამ შეიძლება პირდაპირ განსაზღვროს, თუ ვინ შეიძლება და რა დრომდე გახდეს წილის მესაკუთრე, ვინ უნდა მართოს და რა დრომდე წილი (წარმომადგენლობა,მეურვეობა).

როგორც ზემოთ აღინიშნა პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეზე, თუ წესდება კანონით გათვალისწინებულ რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის წილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღო რა მხოლოდ მოსარჩელემ იმავდროულად იგი გახდა საზოგადოების პარტნიორი, ვინაიდან საზოგადოებაში წილის შეძენა იმავდროულად ნიშნავს საზოგადოების პარტნიორად გახდომას.

ყოველი ახალი პარტნიორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში აუცილებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გახდა რა საზოგადოებაში გარდაცვლილი მეუღლის წილის კანონისმიერი მესაკუთრე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეზე იგივე მოცულობით სწორად ჩათვალა გადასულად შპს-ში პარტნიორობა.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ თითქოს არ გამოიკვლია შპს-ს წესდების 9.2 მუხლი. მართალია, წესდების მითითებული მუხლის შესაბამისად ქონებრივი და სამართლებრივი მემკვიდრეობა სხვა პარტნიორების თანხმობის შემდეგ გადადის მის სამართლებრივ მემკვიდრეზე, მაგრამ კანონის შესაბამისად წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის მემკვიდრეობითობა.

როგორც ზემოთ აღინიშნა მას შეუძლია მხოლოდ მოაწესრიგოს მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხის მოწესრიგება ფართო ცნებაა. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს შპს-ში მამკვიდრებლის ფუნქციის შესრულების უფლება მანამ, სანამ მემკვიდრეობა მასზე ოფიციალურად გაფორმდება და ა.შ. მაგრამ არა ის, რომ წილის მესაკუთრე არ იქნეს პარტნიორად მიღებული პარტნიორთა თანხმობის გარეშე. შპს „ც-ას“ წესდების 9.2 მუხლის მოთხოვნები (თუ ქონებრივ მემკვიდრეობაში წილი იგულისხმება, ხოლო სამართლებრივ მემკვიდრეობაში — პარტნიორობა) ეწინააღმდეგება, როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის, შპს-ში წევრობის მემკვიდრეობითობა, ვინაიდან პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობით და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას.