#32158
BLH
Keymaster

საწარმოს ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

(საქმე №-ას-671-952-05)

სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ფილიალები არ არიან იურიდიული პირები. სკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“.

განსახილველი ნორმის თანახმად, იურიდიული პირი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირის ფილიალი — განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს“.

აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ ფილიალი არის იურიდიული პირის ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარეობს და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლებამოსილების შესახებ უნდა იქნეს მითითებული ფილიალის საქმიანობისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად. იმისათვის, რომ სასამართლოში მონაწილეობდეს ფილიალის ხელმძღვანელი, აუცილებელია ამ ფილიალის იურიდიული პირის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ს.ს.ე-ს“ ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დებულების მე-4 მუხლის 4.2 და 4.3 პუნქტების შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სს „ს.ს.ე-ს“ სახელით მონაწილეობა მიეღო სასამართლოში.

იურიდიული პირის ფილიალი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე (სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში, საქმიანობაში იგულისხმება იურიდიული პირის მიერ ფილიალისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მისი სამეწარმეო მიზნების განხორციელებას. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც, რაც იურიდიული პირის და არა ფილიალის დეფინიციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, სსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.“ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, თუ ურთიერთობა ეხება იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობას, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, სადაც მდებარეობს ეს ფილიალი, მაგრამ ძირითადი საწარმოს წინააღმდეგ.

ამდენად, თუ ამ იურიდიული პირის ფილიალს არ ექნება უფლებამოსილება სასამართლოში მონაწილეობის შესახებ, მაშინ სასამართლოში მხარედ მონაწილეობის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იურიდიულ პირს.

ამრიგად, ფილიალი არ არის იურიდიული პირი, იგი არც თავისი სახელით გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება.