მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები
(სუსგ. №ას-203-196-2012)
სააპელაციო სასამართლოს განმარტება:
სამკვიდროს მიღება ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადასა და წესს.
სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსადმი მიმართვით ან ფაქტობრივი დაუფლებით. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე მიიღოს სამკვიდრო.
სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრის უფლება, მიიღოს წილი სამკვიდროდან, დამოკიდებულია ამ სამკვიდროზე უფლებამოსილი მემკვიდრეების ნებართვაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – კანონით განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს მიღების შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობის სასამართლოს მიერ ცნობაზე.
სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი – აღნიშნული ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში და სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.
დასკვნა: ამდენად, ნების არ გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე (ნოტარიუსისთვის მიმართვა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლება) ქმნის კონკრეტულ სამართლებრივ პრეზუმფციას, რომ პირს არ ჰქონია სამკვიდროს მიღების ნება და ასეთ შემთხვევაში იგი კარგავს სამკვიდროზე უფლებას, ხოლო ამ უფლების აღდგენა შესაძლებელია ორ გამონაკლის შემთხვევაში:
1) სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ.
2) სხვა მემკვიდრეთა თანხმობა ასეთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს უფლების აღდგენის შესახებ.
