მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
ხანდაზმულობის შეწყვეტა
მოთხოვნის არსებობის აღიარება ( სუსგ. № ას-330-733-06 19)
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ სს „თ–მა“ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შპს „ი–ის“ თანხმობა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2000 წელს სს „თ–ს“, როგორც მოვალეს, დასჭირდა შპს „ი–ისაგან“, რომელსაც თავის კრედიტორად თვლიდა, თანხმობა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისათვის.
სკ–ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად ჩათვალა, რომ საქმე გვაქვს ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარებასთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფინანსთა სამინისტროში კასატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოწინააღმდეგე მხარისაგან, როგორც კრედიტორისაგან, თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დოკუმენტის წარდგენის მომენტისათვის — 2000წ. 8 მარტისათვის სს „ე-“ კრედიტორად აღიარებდა შპს „ი–სს“ და, შესაბამისად, აღიარებდა ამ უკანასკნელის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტსაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია კრედიტორის აღიარება მაშინ, როდესაც კანონი ამგვარ საფუძვლად მხოლოდ მოვალის მიერ უფლებამოსილი პირის მიმართ აღიარებას მიიჩნევს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სკ–ის 137-ე მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად — სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ დავაში მოვალემ მესამე პირთან თავისი ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საჭიროდ ჩათვალა რა, მესამე პირისათვის ეცნობებინა სადავო ურთიერთობის არსებობის შესახებ, ამ მოქმედებით აღიარა ვალდებულების არსებობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს არა მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტი (შპს „ი–ის“ თანხმობა), არამედ მოვალის მიერ ამ მოქმედების (დოკუმენტის წარდგენა) განხორციელება.