#30726
BLH
Keymaster

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხაატება იმაში, რომ დრო, რომელიც გავიდა ამ გარემოებათა დადგომამდე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევენ, ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება.

ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა შეჩერდეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 132-ე, 133-ე და ა.შ. მუხლები განსაზღვრავენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხანდაზულობის ვადა ჩერდება.

ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებული გარემოებები ორი კატეგორიის შეიძლება იყოს:

პირველ კატეგორიაში შედის ისეთი გარემოებები, რომლებიც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე პირს ართმევს მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას,

მაგ: სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ფორს-მაჟორი და ა.შ.

მეორე კატეგორიაში შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა არ არის მიზანშეწონილი.

მაგ: მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ხდება მაშინ, თუ კანონით განსაზღვრული გარემოებები წარმოიშვნენ ან განაგრძობენ არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში. მაგ: როცა ხანდაზმულობის ვადა ურთიერთობისათვის სამი წელია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეჩერდეს, თუ ერთ-ერთ შემაჩერებელ გარემობას ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ან შემაჩერებელი გარემოება წარმოიშვა ადრე (ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვს თვემდე), მაგრამ განაგრძობს არსებობას ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვსი თვის ფარგლებშიც.

ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება მისი ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე (მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და ორი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგ წარმოიშობა მისი შემაჩერებელი გარემოება, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ). თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ხანდაზმულობის მთელი ვადის ყოველ მომენტში.

მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა ხუთი თვეა, ის შეიძლება შეჩერდეს, თუნდაც, მისი დაწყებიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ.