#30708
BLH
Keymaster

სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.

მაგ: დამზღვევი იმყოფებოდა უცხოეთში, როდესაც მისი მანქანა გაიძარცვა, მან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლისთანავე და დაუყონებლივ შეატყობინა მზღვეველს. მოცემულ შემთხვევაში დამზღვევი მოქმედებდა მართლზომიერად, მზღვეველი ვერ გამოთქვამს პრეტენზიას მის მიმართ, დაზიანების ფაქტის დროულად შეუტყობინებლობის საფუძვლით.

მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

მაგ: სადაზღვევო ხელშეკრულებაში მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ წესზე „მზღვეველი არ აანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარ ზიანს, თუ დამზღვევი დროულად არ შეასრულებს სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულებას“.

დაზღვეულ ბინაში მეზობლისგან ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც ბინას მიადგა ზიანი 10.000 ლარის ოდენობით. დამზღვევმა დროულად არ შეატყობინა მზღვეველს, თუმცა მიიღო ყველა ზომა, რათა ზუსტად დაფიქსირებულიყო ზიანის გამოწვევასთან და მის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დამზღვევა დაარღვია შეტყობილების ვალდებულება, მზღვეველი უარს ვერ იტყვის ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან მისი ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, კერძოდ ზიანის გამომწვევი მიზეზები და ოდენობა ჯეროვნად იქნა დაფიქსირებული.

მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.