#30663
BLH
Keymaster

საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა

ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა მიწაზე ქონების გადასახადისა, რომელსაც იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.

მაგ: საწარმო დაფუძნდა 2015 წლის 10 მარტს. ამავე წლის მიხედვით მის ბალანსზე რიცხული აქტივების მიხედვით ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ნარჩენმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 90 ათასი ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

საწარმოს 2015 წლის 15 ივნისისათვის მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა;

საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა 2015 წლის ქონების გადასახადი გადაიხადოს მისი ფუნქციონირების პერიოდის (10 თვე) პროპორციულად 75 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან.

საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის (2015 წელი) წლიური გადასახადის სრული ოდენობით (90 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან).