#30646
BLH
Keymaster

რა არის ადმინისტრაციული წარმოება?

ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება:

  • ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
  • ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აფუძნებს ზოგად რეგულაციას, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული სამართლის ნებისმიერ სფეროში, როგორც ზოგადი წარმოების მარეგულირებელი ნორმები.

მაგ: სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობის, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით, ასევე ზოგადი ნორმებით, რომლებიც განსაზღვრულია ზაკ-ში.

ადმინისტრაციული წარმოების სამი სახე არსებობს:

ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

მარტივი ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული წარმოების მთავარი და საბაზისო სახე, რომლის დებულებები გამოიყენება წარმოების სხვა სახეების შემთხვევაშიც. ზოგადი წესის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.