#30521
BLH
Keymaster

აღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმება

ზოგადი წესის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

ამავდროულად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, გარდა ზაკ-ის 61-ე მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

ამდენად აღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმების დროს დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე შეეწინააღმდეგობის ინდ. აქტის გაუქმებას.

აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების ვადებში აღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმების საკითხის დაყენების შემთხვევაში, ამ აქტის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენება მისი გაუქმების საწინააღმდეგოდ დაუშვებელია. აღნიშნული შეიძლება მოხდეს მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მაგ: თუ გამოიცა კანონის დარღვევის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გასაჩივრების ვადებში გაასაჩივრეს დაინტერესებულმა პირებმა, მშენებელი ვერ მიუთითებს კანონიერი ნდობის პრინციპზე და ვერ შეეწინააღმდეგება ასეთი ნებართვის გაუქმებას. სხვა ვითარება იქნება, როდესაც გასულია ნებართვის გასაჩივრების ვადები და ნებართვის გამომცემი ადმ. ორგანო გადაწყვეტს მის გაუქმებას, ბათილად გამოცხადების სახით. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კომპანია უფლებამოსილია შეეწინააღმდეგოს ნებართვის ბათილობას, სწორედ კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე.

აღმჭურველი ინდ. აქტის ბათილად გამოცხადებისკენ „მოუწოდებს“ კანონიერების პრინციპი, რომელიც მოითხოვს კანონიერების დაცვას და შესაბამისად უკანონო ინდ. აქტის გაუქმებას. ამ პრინციპს უპირისპირდება კანონიერი ნდობის პრინციპი. ამ ორ პრინციპს შორის უნდა გადაწყდეს, რომელი სარგებლობს უპირატესობით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ამის გასარკვევად სახელმძღვანელო პრინციპია თანაზომიერების პრინციპი.

აღმჭურველი ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების დროს, აღმჭურველი ინდ. აქტის გამოცემა ხდება მართლია კანონიერად, თუმცა მოგვიანებით წარმოიშობა კანონში (ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილში) განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რაც კანონიერ საფუძველს აძლევს ადმ. ორგანოს გააუქმოს ინდ. აქტი, თუმცა მან ეს უნდა გააკეთოს თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ასევე დაინტერესებულ პირთა კანონიერი ნდობის პრინციპის გათვალისწინებით.