#30055
Crassus
Participant

გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა(სკ- 977-ე მუხლი)

(სუსგ. N-ას-1049-983-2010 )

მერიამ გაიღო მოქალაქის ბინაზე ხარჯები, იმ მიზნით, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მერიის საკუთრებაში გადავიდოდა აღნიშნული უძრავი ქონება, რომელსაც მუზეუმის ფუნქცია ჰქონდა, რის შესახებაც მოქალაქემ შეადგინა ანდერძი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.

აღნიშნული ნორმა ადგენს შესრულების კონდიქციის ერთ–ერთ შემთხვევას შესრულების დაბრუნებას მიზანთან შეუსაბამობის გამო. ამ ნორმის საფუძველზე, პირს შეუძლია უკან გამოითხოვოს ქონება, რომელიც სხვა პირს იმ ვარაუდით გადასცა, რომ ეს უკანასკნელი განსაზღვრულ მოქმედებას შეასრულებდა, ამასთან 977–ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნა ცალმხრივ მიზანს ითვალისწინებს, რომელიც შესრულების მიმღებს მხედველობიდან არ უნდა გამოჰპარვოდა, ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე, მოქალაქისთვის იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მერია კონკრეტულ დანახარჯებს სადავო ქონების საკუთრებაში მიღების ვარაუდით ახორციელებდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება სათანადოდ არ არის გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ყველა ხარჯი, რომელიც მერიამ გაიღო, რემონტის ხარჯების ჩათვლით, მუზეუმის ნორმალური ფუნქციონირებისა და მისი ვიზუალური მხარის სათანადო მდგომარეობაში მოყვანის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. რემონტის ხარჯების გაღების დროისათვის და შემდგომი სამი წლის განმავლობაშიც კი შესაბამისი მუზეუმი ფუნქციონირებდა, ამასთან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ იკვეთება, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა, რამდენად მართებულია 977-ე მუხლის საფუძველზე თანხის დაბრუნების მოთხოვნა დასაჩუქრებული პირის მიმართ.