#29857
BLH
Keymaster

ინდივიდულური აქტის გაუქმება

როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდ. აქტი (გარდა არარა აქტისა) ხდება ნამდვილი და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი, როდესაც გავა საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადები. ასეთ შემთხვევაში ინდ. აქტის გაუქმება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია.

ინდივიდუალური აქტის გაუქმების ცნება მოიცავს, როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, თუმცა მათ შორის არის არსებითი განსხვავება: ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდ. აქტი, ხოლო ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ კანონიერი ინდ. აქტი.

ამდენად, თუ ინდ. აქტი უკანონოა, მისი ბათილად ცნობა შეუძლია მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს.

ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ინდ. აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ინდ. აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ინდ.აქტის მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

რაც შეეხება ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, ამის უფლება აქვს მხოლოდ ინდ.აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ინდ. აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

თუმცა არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის გათვალისწინებული საფუძვლით ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდ. აქტის გაუქმება ხორციელდება ინდ. აქტის გამოცემის გზით.