#29834
BLH
Keymaster

საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა

საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს, როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში ზუსტად უნდა ირკვეოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებიდან, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობას ეხება იგი.

ზოგადი წესის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ ორმხრივ გარიგებას, რომელიც უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია.

თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების საგანთან დაკავშირებული დავა. სარჩელი ასეთ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ არ უნდა მიიღოს წარმოებაში, ხოლო თუ მიიღო წარმოებაში განუხილველად უნდა დატოვოს.