#29830
BLH
Keymaster

აღმჭურველი ინდ. აქტის ბათილობა

(გადაწყვეტილება N-ბს-699-685(კ-12))

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას ისე გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე, რომ არ გაითვალისწინა ამ აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობა, არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ქმედებით გასცდა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებს და ფაქტობრივად მოსარჩელეს წაართვა საკუთრება მთლიან ფართზე მაშინ, როდესაც მხარეები მხოლოდ 8 კვ.მ-ზე დაობდნენ.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი უშუალოდ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დაპირებას – აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ზაკ-ის მე-60(1) მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნია აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში გასარკვევია, უფლებამოსილი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანო, ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა და მისი ბათილად ცნობით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ზაკ-ის მე-60(1) მუხლის პირველი ნაწილითა და ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა.