#29811
BLH
Keymaster

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა

(სუსგ. N-ას-1708-1602-2012)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეწყვეტილი იყო, რაც გამორიცხავდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემია. სასამართლომ ეს დასკვნა დაამყარა სკ-ის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლებს.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რომ დამზღვევის მიერ პრემიის გადაუხდელობისას, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ წერილობით არ განუსაზღვრა ვადის დამრღვევს შესრულების დამატებითი ვადა, მხარეთა ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სასამართლომ ეს მოსაზრება გაამყარა იმ არგუმენტითაც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევს კომპანიისათვის არ მიუმართავს. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ არის დადგენილი. სკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში, სკ-ის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბუთებული იყო.