#29735
BLH
Keymaster

კიდევ ერთი გადაწყვეტილება შვილიშვილის მიერ სავალდებულო წილის მიღების უფლებაზე (გადაწყვეტილება N-ას-1577-1480-2012)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, სკ-ის 1371-ე და 1336-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ შვილიშვილი წარმოადგენს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს და, შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1372-ე მუხლის მეორე წინადადება ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, ისე, რომ მან ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. შესაბამისად, სპეციალური ნორმის არსებობისას, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს სკ-ის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ტრანსმისია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ანდერძი მოიცავს მთელ სამკვიდროს, ამასთან, ანდერძი არ არის შეცილებული მოსარჩელის მიერ. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ სავალდებულო წილის უფლების დადგენისათვის არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კანონით მემკვიდრეობის ნორმები. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.