#29708

მტკიცებულების წარდგენის ვალდებულების დარღვევა

(განჩინება N-ას-1235-1164-2011)

სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არ გაათავისუფლა მოსარჩელე მტკიცების ტვირთისაგან. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ აღძრული შუამდგომლობა და მასში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოსადგენი მტკიცებულებების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზანია მტკიცებულებების წარდგენის უზრუნველყოფა იმ მხარისაგან, რომელთანაც ინახება მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი.

ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

განსახილველი ნორმის თანახმად კი, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება, აუცილებელია, არსებობდეს შემდეგი ორი წინაპირობა: პირველი, მხარე არ უნდა უარყოფდეს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა და, მეორე, იგი წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს უნდა ამბობდეს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მითითებული განმარტებების მიხედვით, მოპასუხეს უნდა განუსაზღვროს სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები და შედეგები, თუ მოპასუხე მხარე ვერ დაადასტურებს ამ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მაშინ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ამ მტკიცებულებებით დასადასტურებელი ფაქტების მტკიცებისაგან. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა გასახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.