#29680
BLH
Keymaster

დისპოზიციურობის პრინციპი

 

(სუსგ. N-ას-1158-1178-2011)

სადავოა უსაფუძვლოდ გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე და 377-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ზემოთ მითითებული ნორმები დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს განმეორებით დაეკისრა იმ თანხის გადახდა, რაც მას ერთხელ უკვე ჰქონდა დაკისრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

მოპასუხე სადავოდ ხდიდა ასევე მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთიც სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მოპასუხეს, მაშინ, როდესაც სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა, ვინაიდან იგი თავის მოთხოვნას, სწორედ, ამ ფაქტობრივ გარემოებაზე აფუძნებდა. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.