#29676

მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

(სუსგ. N-ას-262-253-2012)

სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას ყადაღადადებული ნივთების კასატორებისადმი კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ მოწმის ჩვენება არ მიიჩნია საკმარისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი მოსარჩელეა.