#29660
Crassus
Participant

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა

(სუსგ. N-ას-1429-1444-2011)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, ბათილად არ ცნო სადავო ბრძანება, რომლითაც შრომით ხელშეკრულებაში დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად შევიდა ცვლილება დასაქმებულის ახალ თანამდებობაზე გადაყვანისა და ანაზღაურების წესის შეცვლის თაობაზე.

საკასაციო პალატის განმარტება: შრომის ანაზღაურების წესი ხელშეკრულების არსებითი პირობაა. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე არ შეთანხმდებიან. თავად მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ჩადებულია პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე 2 კვირით ადრე წერილობით შეთანხმებას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.